პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდებათ და, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენა შეეძლებათ.
განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე Facebook პოსტში აღწერს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შესახებ გადაწყვეტილების განხილვისას რამდენიმე პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი. პოსტს უცვლალად გთავაზობთ:
„1) განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემატიკა უნდა მოაგვაროს: (ა) უმაღლესში მიღების და დაფინანსების ახალმა სისტემამ, რომელიც გაითვალისწინებს სტუდენტთა საჭიროებებს; (ბ) სტუდენტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის და სწავლის საფასურის მიღმა სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების პროგრამებმა; (გ) სტუდენტთათვის სტუდენტური დაბალპროცენტიანი სესხების მხარდაჭერის პროგრამამ და სახელმწიფო გარანტიის სისტემის შექმნამ; (დ) უნივერსიტეტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობამ სტუდენტთა დასაქმების წასახალისებლად; (ე) სწავლის პარალელურად კამპუსზე თუ კამპუს მიღმა დასაქმების სისტემის ამუშავებამ; (ვ) უნივერსიტეტების მხრიდან არსებული სისტემის გამო სტუდენტთა რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე ორიენტირებამ და სხვა. არცერთ ამ საგანანმანათლებლო რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეს მიღებული გადაწყვეტილება არ/ვერ პასუხობს;
2) გადაწყვეტილება პრობლემურია უნივერსიტეტების ავტონომიურობის სრული იგნორირების თვალსაზრისით, ჯერ გადაწყვეტილება გამოცხადდა და შემდგომ იწყება კონსულტაცია;
3) გადაწყვეტილებით ადგილი აქვს უმაღლესების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემის სრულ დისკრედიტაციას, რამეთუ მინისტრი უნივერსიტეტებს სტუდენტთა განსაზღვრული რაოდენობის გარანტირებულად გაზრდას ჰპირდება, რაც მისი კანონიერი უფლებამოსილება და პრეროგატივა არ არის და სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებშია ფორმალურად შესაძლებელი შესაბამისი საავტორიზაციო და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დაცვით. ანუ სახეზეა ხარისხის განვითარების შესაბამისი ინსტიტუციური სისტემებისა და მექანიზმების, ავტორიზაციის საბჭოების და ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესის სრული იგნორირება ღიად (ადრე გაცხადებულად მაინც იყო საუბარი ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და მნიშვნელობაზე ხარისხის განვითარებისთვის);
4) უნივერსიტეტებისთვის სტუდენტების რაოდენობის გაზრდით განათლების ხარისხის კიდევ უფრო დაზიანება მნიშვნელოვანი საფრთხეა, რამეთუ დამატებით 30000 სტუდენტის ადმინისტრაციული, საკადრო, მატერიალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა კრიტერიუმების შესაბამისად დაკმაყოფილება არარეალისტურია;
5) სოციალური თვალსაზრისით საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა ერთჯერადად წყვეტს კონკრეტული სტუდენტების ფინანსურ პრობლემებს და მათი სტატუსის აღდგენა შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მომდევნო სემესტრიდან და წლიდან ანალოგიური პრობლემის წინაშე კვლავ დადგებიან იმ არსებული სისტემის პირობებში, რომელსაც უკვე წლებია ვინარჩუნებთ. ამასთანავე სწავლა არ გულისხმობს მხოლოდ უშუალოდ სწავლის გადასახადს, არამედ დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვან ხარჯებთან, რომელთა დაფარვაც აგრეთვე ფინანსური პრობლემებს უკავშირდება და რომლის გამოც ხდება სწავლის შეწყვეტა და არა მხოლოდ უშუალოდ მხოლოდ სწავლის გადასახადის ვერ გადახდის გამო.
6) მსგავსი ერთპიროვნული და განუხილველი განათლებისა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საბიუჯეტო გადაწყვეტილებები მიუღებელია და მსგავს გადაწყვეტილებებს უნდა ახლდეს სერიოზული მსჯელობა და ანალიზი და შესაბამისი ჯგუფების ჩართულობა;
7) საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის თუ უნივერსიტეტების მიერ მათთვის გადასახადის განულება ნებისმიერ შემთხვევაში კეთდება არა მთავრობის კეთილი ნების არამედ მოქალაქეების საბიუჯეტო შენატანითა და ამავე დროს სხვა მოქალაქეების ხარჯზე. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა ამ თანხის ალოკაცია, ეს ნიშნავს, რომ ის დააკლდება სხვა ხარჯებს. თუ უნივერსიტეტებს „დაავალდებულებენ“ ან „შეუთანხმდებიან“ გაანულონ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანება გარკვეული პირობების საფუძველზე, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებმა ამ სტუდენტებს უნდა ასწავლონ სხვა სტუდენტებისთვის განკუთვნილი რესურსების დაზოგვის ხარჯზე, ანუ სხვა სტუდენტების ხარჯზე მოხდება ამის კომპენსირება.“
***
სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა დღის წესრიგში უკვე წლებია, დგას. ამას მოწმობს ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია, რომლებიც სტუდენტებმა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გამართეს. გროვდებოდა ხელმოწერებიც, დაიწერა პეტიციაც. ასევე, მედია არქივში მრავლად იძებნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში განათლების სხვადასხვა მინისტრის განცხადებები სტატუსშეჩერებული სტუდენტების მზარდ სტატისტიკასთან დაკავშირებით.
ამ გადაწყვეტილებით, სტუდენტების მრავალწლიან პრობლემას პრემიერმა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უპასუხა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, ასევე, პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული სკანდალი.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში გასამგზავრებლად ჩარტერული (კომერციული) რეისი გამოიყენა. მთავრობაში დაადასტურეს, რომ აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების ხარჯი მისმა მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა გაიღო.
მომდევნო დღეებში, სწავლის დაწყების წინ მთავრობის სხდომებზე პრემიერმა სტუდენტებისთვის რამდენიმე სიახლე დააანონსა. პირველი, სტიპენდიის გაორმაგება იყო, მეორე კი – სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულება.