რუსეთმა ნავთობის ექსპორტი შეზღუდა — 2023-ის 8 თვეში საქართველოში საწვავის 68% რუსეთიდან შემოვიდა

პუბლიკა

რუსეთმა საწვავის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტაბილიზაციის მიზნით“ მიიღეს. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დროებითი შეზღუდვები „ხელს შეუწყობს საწვავის ბაზრის გაჯერებას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ფასებს მომხმარებლებისთვის“.

შეზღუდვები არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე: ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე და „მიწოდებებზე უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე მდებარე რუსული სამხედრო ნაწილების საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით“.

რუსული პროსახელისუფლებო მედია РБК წერდა, რომ რუსეთში 2023 წლის გაზაფხულზე საწვავის ფასებმა მკვეთრი მატება დაიწყო.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, შესაძლოა, ფასებმა ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.

საქართველოში ნავთობის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში ნავთობის 68% სწორედ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოვიდა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთს 435 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა და  622 697 ტონა ნავთობი შეიძინა.

რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ნავთობი შემოგვაქვს შემდეგი ქვეყნებიდან:

  • რუმინეთი – 100 მილიონი აშშ დოლარი, 116,833 ტონა;
  • აზერბაიჯანი – 44 მილიონი აშშ დოლარი, 52,946 ტონა;
  • თურქმენეთი – 39 მილიონი აშშ დოლარი, 48,893 ტონა;
  •  თურქეთი – 18 მილიონი აშშ დოლარი, 12,054 ტონა.