საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინებას 3 ოქტომბერს განიხილავს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვას იწყებს. ზეპირი მოსმენა 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. „ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინება, სადაც „ოცნება” მიუთითებს, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა.

იმპიჩმენტის პროცედურის მიხედვით, ახლა საკონტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში დაადასტურა პრეზიდენტის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

უკვე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 

კონსტიტუციაში წერია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის  სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.