18 და 19 წლის გოგოებზე სავარაუდო ძალადობის საქმის შესახებ „საფარი“ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 18 და 19 წლის ახალგაზრდა ქალების ინტერესებს იცავენ, რომელთა მიმართ იკვეთება 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი დანაშაულები.

„ეს დანაშაულების ნიშნებია: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.

სავარაუდოა, რომ იგივე პირი სხვა არასრულწლოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს. მათგან ორი უკვე იდენტიფიცირებულია.

ახალგაზრდა ქალებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს. ამის მიუხედავად, ერთი მათგანი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ და მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება არ დაწყებულა. შესაბამისად, არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედებები, არ ამოუღიათ მტკიცებულებები. რაც შეეხება მეორე ქალს – მისი დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

მივიჩნევთ, რომ მ შემთხვევაში, ეს სრულიად არასაკმარისი ღონისძიებაა ქალის დასაცავად. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე,“ – ნათქვამია „საფარის“ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოკითხვისას პოლიციელები გამოძიებისთვის სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს უსვამდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო. მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

„საფარი“ მიიჩნევს, რომ პოლიციის იმ განყოფილების მიერ მიღებული ზომები, რომელიც ამ ეტაპზე იძიებს საქმეს, არის არაეფექტური. არსებობს რისკი, რომ იმავე განყოფილებაში, იმავე პოლიციელებთან კომუნიკაციისას, ქალს დაუმძიმდეს ემოციური ფონი და გახდეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი.

ორგანიზაციაში მოითხოვენ, რომ ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს, სხვა დანაშაულები კი გადაეცეს თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს.

ორგანიზაციაში ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთოს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოც.

„საფარი“ მიმართავს სახალხო დამცველსაც, დაინტერესდეს ამ საქმით და გამოძიების პროცესს გაუწიოს შესაბამისი მონიტორინგი