პაპუაშვილი: ეს არის შავი დღე აშშ-ის მხარდაჭერის ისტორიაში 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ეს არის შავი დღე აშშ-ის მხარდაჭერის ისტორიაში საქართველოს მიმართ”.

ის ასე სუსის განცხადებას გამოეხმაურა – უწყებამ და ქართულმა ოცნებამ USAID „რევოლუციური სცენარისა და სახელმწიფოს ჩამოშლის შესახებ” ტრენინგის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ USAID-ის მიმართ დაგროვდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და მნიშვნელოვანია, ამაზე განმარტებები გაკეთდეს.

„თქვან, რამდენად იცოდნენ ესა თუ ის შინაარსი. სამწუხაროდ, ბევრი კითხვა დაგროვდა USAID-ის მიმართ. ჩვენ ISFED-ის მხრიდან მოვისმინეთ, რომ 2020-ის ოქტომბერშივე შეატყობინეს მათ, რომ პარალელური დათვლის შედეგები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მიუხედავად ამისა, USAID-მა არც ჩვენ გვითხრა, ანუ პარტნიორებს და ხელისუფლებას, არც ქართველ ხალხს, ყველას დაუმალა იმ ფონზე, როცა ყალბ პარალელურ დათვლაზე დაყრდნობით საქართველოში მაშინ იმართებოდა ძალადობრივი აქციები […]“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებებისთვის“ NGO-ებისა და სამოქალაქო აქტივისტების გადამზადება USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოსულ ტრენერებს დაუკავშირა.

უწყების მიერ დღეს, დღეს, 2 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

სუსი აცხადებს, რომ ტრენერები იყვნენ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანიიელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც ახლა „კანვასის” წევრები არიან.

სუსი ამბობს, რომ ტრენინგები 26-26 სექტემბერს ჩატარდა და რომ მონაწილეებს „პიკეტების და საცობების შექმნა, დესტრუქცია და ზოგადად, ხელისუფლების ჩამოშლა ასწავლეს, „რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი”.

სუსისვე განცხადებით, „26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”.

USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”.

მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.

„კანვასი“ არის ერთ-ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა. ტრენინგი ეფექტურად უჭერს მხარს საკითხებს, რომლებიც ქართველებს აინტერესებთ“, – განაცხადა ლიზა კოვაკმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში. 

აღწერის თანახმად, სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები  მომავალი საქმიანობისთვის.

„კანვასის” 3 წევრი – სერბეთის 3 მოქალაქე სუსმა 29 სექტემბერს გამოჰკითხა.  უწყების მტკიცებით, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”.

ოპტორი” სერბული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა და თავის დროზე შთაგონება გახდა, მათ შორის, ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის „კმარა” და უკრაინული მოძრაობისთვის – „პორა“.

რაც შეეხება ორგანიზაცია „კანვასს“ (CANVAS), ის ბელგრადში სლობოდან ჯინოვიჩმა და სრჯა პოპოვიჩმა 2005 წელს დააფუძნეს იმ მიზნით, რომ „მხარი დაუჭირონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში”. „კანვასი” ამბობს, რომ შექმნის დღიდან მუშაობს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობს უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი საზოგადოების ასაშენებლად. CANVAS-ის ოფისები გახსნილია ვაშინგტონში, კუალა ლუმპურშიმალეიში, თბილისში, იოჰანესბურგსა და ბელგრადში მიზნად ისახავს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ადგილობრივ აქტივისტებს. ორგანიზაცია ემსახურება ინიციატივებს, რომლებიც ეყრდნობა არაძალადობრივი ბრძოლის და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს.

საქართველოში ფუნქციონირებს „კანვას საქართველო”. მას გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს. 18 სექტემბერს უწყებამ დაასახელა გვარებიც: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე,  გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია „კანვასი“ – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით იყენებენ ორგანიზაცია „კანვასს“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.