„კანვას-საქართველოს” დირექტორი გიორგი მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. მელაძის მიერ გამოქვეყნებულ უწყებაში ჩანს, რომ გამოკითხვაზე ის მოწმის სახითაა დაბარებული.
მელაძის ინფორმაციით, გამოკითხვა სასამართლოში დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართება.
„მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია!”, – დაწერა გიორგი მელაძემ facebook-ზე.
მანამდე გამოკითხვაზე, ასევე მოწმის სახით დაიბარეს „კანვას საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინი გოგიბერიძეც.
სუსში 2 ოქტომბერს ითქვა, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ხელისუფლების დამხობის პროცესში.
სუსის ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.
„კანვას – საქართველო“ ამბობს, რომ ორგანიზაცია ხედავს ზეწოლას „კანვას – საქართველოს“ დირექტორის მიმართ და ასევე იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ორგანიზაციასთან.
აშშ-ის საელჩომ უწყების ბრალდებებს მცდარი უწოდა.