სერტიფიცირებულ დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის ექვსი წევრი განათლების მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს.
განცხადების ავტორები წერენ, რომ საჯარო სკოლებისთვის დირექტორების წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავეა უსამართლობის განცდა.
„სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან „პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები“ და ა.შ. არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ავტორები მინისტრისადმი მიმართვაში წერენ, რომ იმედი აქვთ, რომ ბევრი რამ მინისტრის გვერდის ავლით მოხდა. „რომ მავანნი შეირჩა „მფარველი“ ზემდგომების დახმარებით და ეს ინფორმაცია თქვენამდე არ მოდის“
სერტიფიცირებული დირექტორის საინიციატივო ჯგუფი: დავით ფერაძე, ქეთი ცირეკიძე, მარი ქვრივიშვილი, თამილა ხარაბაძე, თამთა კვენეტაძე, ანიკა თოლორაია, ნანი სალია, ნათია იასაღაშვილი. განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
5 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. სკოლებთან ერთად გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების სიაც. სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 927 სკოლაში გაიმართება და სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა შესაძლებლობა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ კანდიდატების მიერ პრიორიტეტული სკოლების მონიშვნის შემდგომ დაამუშავა, კანდიდატობის მსურველი ჯამში 1276 პირი იყო, აქედან 383 სკოლაში არჩევნებში მონაწილეობა სურდა 2/ ან და მეტ კანდიდატს. 892 სკოლაში კი წარდგენილი იყო მხოლოდ 1 მსურველის განაცხადი. ამ მონაცემების მიხედვით, იყო სკოლები სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა.