პაპუაშვილი ამბობს, რომ ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან კავშირი არ აქვს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ რეგლამენტის პროექტს, რომელიც პარლამენტში ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებასაც ითვალისწინებს,  დაჩქარებული წესით არ განიხილავენ და ვერც პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მიიღებენ.

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტი რეგლამენტში არსებული წესით, ფარული კენჭისყრით გადაწყვეტს.

„დაჩქარებული წესით არ განიხილება ეს პროექტი, ამ ცვლილების მიღება მოხდება ნოემბრის ბოლოს, ხოლო იმპიჩმენტი გაწერილ ვადებშია და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან“, – თქვა მან.

პაპუაშვილმა განმარტა, რატომ ცვლიან კენჭისყრის წესს:

„რეგლამენტში არის გარკვეული თანამდებობები, რომელთა არჩევა/გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით და ზოგზე – ღია. და არის ძალიან უსისტემო. მაგალითად, საქსტატისა და საპენსიო ფონდის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ღიათი ან, მაგალითად, კომუნიკაციების კომისიის; საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის არჩევა ხდება ფარულით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით. აზრი ამაში ჩადებული არ არის, თითქოს საუბარია, რომ ეს არის დაცვა დეპუტატის, მაგრამ რა დაცვა სჭირდება… ამიტომ ეს გარკვეული უსისტემობა იყო რეგლამენტში და შინაარსითაც ჩანდა, რომ შემთხვევით იყო ზოგან ფარული და ზოგან ღია და ამიტომ ავიღეთ პრინციპად ის, რაცაა კონსტიტუციაში ფარული კენჭისყრა [პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა] დარჩეს ფარული, დანარჩენი ყველაფერი იქნება ღია კენჭისყრა და ეს ყველაფერს გამჭვირვალეს გახდის“, – განაცხადა მან.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ოცნებიდან“ და „ხალხის ძალიდან“ აინიციირებენ რეგლამენტის პროექტს „რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე.

ასევე ღია კენჭისყრით მოხდება შესაბამისი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნული წესი მათ შორის გავრცელდება იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც.

კენჭისყრისას ფარულობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის უნდა აირჩიონ ფარული კენჭისყრით.

პროექტი ბიუროს სხდომას 9 ოქტომბერს წარედგინება. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტში პლენარული სხდომები არ ჩატარდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის საქმეზე დასკვნა პარლამენტს 14 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.

პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.