კვების ობიექტმა „დეგუსტომ“ კორონავისურის ვითარების გამო თანამშრომლებს ხელფასის 20% ჩამოაჭრა და მათი ნაწილი უხელფასო შვებულებაშიც გაუშვა.
სოციალურ ქსელში „დეგუსტოს“ ყოფილი თანამშრომელი მარიამ კალანდაძე წერს, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მარტის შუა რიცხვებში უნდა დარიცხვოდა ხელფასის ნახევარი – 225 ლარი, ხოლო თვის ბოლოს მეორე ნახევარი.
„მაგრამ დღეს ჩამერიცხა 180 ლარი. ძველ თანამშრომლებს შევეხმიანე და საოცარი პასუხი მივიღე: კომპანიამ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, კორონავირუსისგან მიღებული ზარალის გამო 20% ჩამოაჭრა. წარმოგიდგენიათ? უფრო მეტიც, შემცირებები დაიწყეს, ისე, რომ ხალხს ან ერთი დღით ან რამდენიმე საათით ადრე აფრთხილებენ. ისიც უთქვამთ, ისევ აგიყვანთ სამსახურში ერთი თვის შემდეგ, თუ სურვილი გექნებათო. ამ პირობის ასრულებაში მე ეჭვი ძალიან მეპარება. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. არც ის ვიცი, ვინ უნდა დაგვიცვას. შრომის კოდექსი ბუტაფორიაა საქართველოში“, – წერს მარიამ კალანდაძე facebook-ზე.
როგორც ის „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ხელფასის 20%-ით ნაკლები ოდენობით აღების შესახებ ის წინასწარ გაფრთხილებული არ იყო. ასევე, მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გაშვების შესახებ სხვა თანამშრომლებმაც სამუშაო დღის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგეს. ამავე პრობლემებზე წერს „დეგუსტოს“ სხვა თანამშრომელიც.
„ხელფასის 20% თანამშრომლებს ჩამოგვეჭრა და ეს ფაქტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მიაწერეს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს თებერვლის ხელფასი იყო, კრიზისი მარტში დაიწყო და ეს ჩვენს ხელფასზე აისახა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონია კომპანიისგან, მენეჯერისგან და უფროსი კონსულტანტისგან. 2-კვირიანი შვებულების შემდეგ სამსახურში რომ უნდა დავბრუნებულიყავი, თანამშრომელი მწერს, რომ კადრები შეამცირეს და ჩემი კადრი საჭირო არ არის, თუ დავჭირდები, დამირეკავენ. ხაზს ვუსვამ, რომ თანამშრომელი, და არა მენეჯერი ან უფროსი კონსულტანტი. 1 დღით ადრე გავიგე ეს ყველაფერი, უპასუხიმგებლობაზე მეტია“, – წერს facebook-ზე ლანა მალაღურაძე.
რას ამბობენ „დეგუსტოში“
„პუბლიკასთან“ საუბრისას გიორგი ლევიძე, „დეგუსტოს“ ერთ-ერთი მფლობელი და მარკეტინიგის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანია ფორსმაჟორში მუშაობს.
მისი თქმით, ხელფასის 20%-ის დაკლება არის დროებითი ფინანსური ღონისძიება, „იმ სირთულეებიდან გამომდინარე რა სირთულეებიც შეექმნათ“.
„აბა რა მექნა? 50 კაცისთვის არ გადამეხადა ხელფასი და 100 კაცისთვის 100% მიმეცა? ასეთი ფინანსური ჩარევა განაპირობა იმან, რა შემოსავალიც კომპანიას აქვს… 20% დროებით შევუზღუდეთ ყველა თანამშრომელს, რომ დანარჩენი 80% მაინც გადავუხადოთ“, – ამბობს ის.
მისი თქმით, კორონავირუსის გამო მათი კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე მუშაობა ფაქტობრივად აღარ აქვთ. მოუწიათ ფილიალის დაკეტვაც. მისი თქმით, კომპანიის ფინანსური ბრუნვა 20%-ზეა დასული.
„ამ ვითარებიდან გამომდინარე, აღარ არის გაყიდვები და ფაქტობრივად 20%-ზე არის ბრუნვა დასული. შესაბამისად, ის ხალხი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, 250 თანამშრომელი პირობითად, მოგვიწია ნელ-ნელა ამ კრიზისულ მენეჯმენტზე გადასვლა – ფილიალების დაკეტვა, უხელფასო შვებულებებში თანამშრომლების გაშვება, დროებით და არა სამუდამოდ, დიდი იმედი მაქვს ამის. იმედია, ყველაფერი დროულად დაბრუნდება თავის კალაპოტში“, – ამბობს გიორგი ლევიძე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ რაოდენობას დაკეტილი ფილიალებისა ვერ დაასახელებს, რადგან ვითარება ყოველ საათში იცვლება.
რაც შეეხება თანამშრომელების უხელფასო შვებულებაში გაშვებას, მისი თქმით, კომპანია გადადის, ე.წ. სუპერმარკეტულ პრინციპზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საჭმლის მხოლოდ გამოძახება.
„30%-იან ფასდაკლებას ვაკეთებთ, რომ წახალისდნენ და ამ ღირებულებით გაიტანონ საჭმელი. ეს არის იმისთვის, რომ გადავიხადო მიმდინარე ხელფასები მათთვის, ვისაც ვიტოვებ და იჯარა რაღაც რაოდენობით მაინც. ხელშეკრულებაში მანდაც შევიტანეთ ცვლილებები მოიჯარეებთან, ფორსმაჟორია… იმ ადამიანებისთვის, ვინც იმუშავა, სულ უხელფასოდ ხომ არ ვამუშავებთ? ჩვენც ხომ გვაქვს სხვა ვალდებულებებიც – მომწოდებლებთან, მეიჯარეებთან, კომუნალურია გადასახდელი… ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია, ყოველდღიურად იკეტებიან კომპანიები ჩვენ გვერდით, გადადიან დისტანციურზე. რამდენი ადამიანი შემოვა ამა თუ იმ ფილიალში, იქიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება, ანალიზი ამა თუ იმ ფილიალში 1, 2 3 მზარეული დამჭიდება თუ 1, 2 კონსულნანტი თავის მენეჯერიანად“, – ამბობს ის.