არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დამატებით მოგება ნახონ - გახარია

პუბლიკა

„სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები, არა მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე, არამედ პროდუქტების მიმართებითაც გამოჩნდა. არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ გაჭირვებაზე დამატებით მოგება ნახონ”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადეებზე და სადეზინფექციო საშუალებებზე დეფიციტი მხოლოდ საქართველოში არ არის და ეს დეფიციტი გლობალურია. მან პირბადეების საქართველოში წარმოების დაწყების ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც დაიწყება.

„გვექნება გარკვეული პრობლემა ალბათ ერთი ან ორი კვირა და ამ ნაწილშიც ამოვავსებთ მარაგს, რადგან ვესაუბრეთ იმპრორტიორებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. სურსათის ხელუხლებელ მარაგზე დასმულ კითხვას კი უპასუხა, რომ სურსათზე დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არაა და ქვეყანა ამ მიმართულებით ყველაფერს აკონტროლებს.

„ჩვენ ამას ვმართავთ და შექმნილია სპეციალური ჯგუფი, მარაგების მართვის და ლოჯისტიკის მიმართულებით, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელიც თთეული მანქანის დონეზე აკონტროლებს, სადმე რამე არ დაგვიანდეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მთავრობა ყველა იმ ფიზიკურ პირს, კომპანიას აქცევს ყურადღებას, ვინც მოკლევადიანი კრიზისის დროს ცდილობს, შემოსავალი გაიზარდოს.

„ბიზნესმენები, ან კომპანიები, ან ფიზიკური პირები, რომლებიც ცდილობენ მოკლევადიანი კრიზიის გამო დამატებით შემოსავალი იშოვონ,  რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, ვუყურებთ, ვაფიქსირებთ და ერთმნიშვნელოვნად შესაბამისი რეაქცია გვექნება”, – განაცხადა გახარიამ.