ტრენინგების საქმეზე სუსმა DOCA-ს თანამშრომელი, მარიამ ჩუტკერაშვილი დაიბარა

პუბლიკა

სუსში დაკითხვაზე დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) თანამშრომელი მარიამ ჩუტკერაშვილი დაიბარეს.

DOCA-ს განცხადებით, ორგანიზაცია პროცესს აბსურდულად, ხოლო მათი კოლეგის ამ პროცესში ჩართვას მავნებლურად და უსამართლობად მიიჩნევენ.

„ჩვენი კოლეგისა და ტრენინგის სხვა მონაწილეთა სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას აღვიქვამთ, როგორც ზეწოლას კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე და ქმედებას თავისუფალი შემოქმედებითი გამოხატვის წინააღმდეგ“, – ნათქვამია DOCA-ს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

სალომე ჯაში – აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე

მარიამ ბიწაძე – აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ალექსანდრე ქორიძე – აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ანნა ძიაპშიპა – აღმასრულებელი საბჭოს წევრი

მარიამ ჭაჭია – აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ანნა ხაზარაძე – აღმასრულებელი საბჭოს წევრი


2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

სუსმა გამოკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოკითხა USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი.

ასევე  ტრენინგების საქმეზე  დაბარებული იყვნენ ფოტოგრაფი ვახო ქარელი,  არტისტული კოლექტივის, „ბულიონის” წევრი ნატალია ვაწაძე და კულტურის პროფკავშირების დამფუძნებელი გიგა ბექაური.