პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა.
პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავენ.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრდა და მმართველი პარტია გააკრიტიკა, ადმინისტრაციის წევრებმა ტაში დაუკრეს – ისინი სხდომას თვალ-ყურს ლოჟიდან ადევნებენ.
შალვა პაპუაშვილმა მათ უთხრა:
„მე მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან განთავსებულნი ლოჟაში – თქვენ ხართ აქ დაკვირვებისთვის და არა მონაწილეობისთვის, მათ შორის, რაც შეეხება ტაშს და სხვა გამოხატულებას. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, რომ საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ აქ განვიხილავთ, სწორედ ამას ეხება, რომ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციის ორგანოებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ნამდვილად მოეთხოვებათ, უპირველეს ყოვლისა, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს. ამიტომ, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. დააკვირდით პროცესს, თქვენ არ ხართ ამ პროცესის მონაწილე”.
რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა.
სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემა თქვეს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, „შანსი ნულია”. თუმცა, მათთვის „მთავარია რეაგირება”.
სხდომა მმართველი პარტიის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია და ის აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ იმპიჩმენტი ვერ შედგება, კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მომდევნო ერთი წელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი”. საქართველოს პრეზიდენტად კი ფორმალურად დარჩება.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს „ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართა კითხვით, „როგორ ჩახედავენ თვალებში შვილებს და შვილიშვილებს, როცა პირადი კეთილდღეობა ევროპულ მომავალზე გაცვალეს”.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, ვიზიტების გამართვით.
საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.