კობახიძე: ზურაბიშვილს ეშინია ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდის, შეიძლება სსკ საქმის დაწყება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის წინააღდმეგ სისხლის სართლებრივი საქმის აქტუალიზაცია მოხდეს. კობახიძის თქმით, ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის ეშინია.

„ოცნების” თავმდჯომარის განცხადებით, პრეზიდენტი დღეს ხელშეუვალია და კონსტიტუციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მის წინააღმდეგ ისევ და მხოლოდ იმპიჩმენტის წესით პასუხისგებაში მიცემაა შესაძლებელი.

„რატომ არ აფინანსებდა ბიუჯეტიდან ის არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის, შეიძლება ამ წლის განმავლობაში ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია. მას ეშინოდა სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევების, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

გუშინ, 18 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვისას თქვა, რომ ზურაბიშვილს არაფერი შეუშლის ხელს, კონსტიტუციის დარღვევა განაგრძოს, კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის” პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა არ უნდა ჰქონდეს პროკურატურის და სისხლის სამართლებრივი გამოძიების იმედი.

ზურაბიშვილმა კი საპარლამენტო ტრიბუნიდან კობახიძეს უპასუხა, რომ პროკურატურით ვერ შეაშინებენ – „მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ?”, – თქვა მან.

საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არის „ხელშეუვალი“ და თანამდებობაზე ყოფნის დროს მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენება საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 18 ოქტომბერს ვერ შეძლო. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი – საკითხი ვერ გადაწყდა. ზურაბიშვილის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.