დინამიკა გარკვეულად დადებითია, თუმცა უცვლელია კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტური გაუარესება - კონსილიუმი

პუბლიკა

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სამედიცინო კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის ცნობით, ექიმთა ჯგუფი „ვივამედში“ 19 ოქტომბერს მივიდა. მათ სააკაშვილი ფიზიკურად გასინჯეს, გაეცნენ სამედიცინო მასალებს და გაესაუბრნენ პერსონალს.

ექსპერტები ასკვნიან, რომ სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა უცვლელი რჩება კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტური გაუარესება. მათი დასკვნით, პაციენტს სჭირდება „მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობა“.

ექიმ-ექსპერტების დასკვნით, სააკაშვილის ჩივილები/ანამნეზია:

  • საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
  • ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9g/l, ლეიკოპენია 3200. ელექტრომიოგრაფიულად კვლავ ვლინდება სენსორული აქსონური პოლინეიროპათიის სურათი, რომელიც რამდენადმე გაღრმავებულია.
  • იღებს სეციტას 10მგ/დღ, ტრიტიკო 150მგ/დღ, რის ფონზეც ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებსაც.
  • გრძელდება სიმპტომური მკურნალობა.

გასინჯვის შედეგი:

  • პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MOCA სკალით – 13 ქულა (N≥26), მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, გაცხოველებულია ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსები არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირ-თითის ტესტს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო, დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც წვივის ზემო მესამედიდან ქვემოთ.
  • ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.
  • ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 140/90, პულსი 78’, წამოდგომისას 120/80, პულსი 100’ ვერტიკალურად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 100’. ტესტი ნეგატიურად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად განვითარებული ტაქიკარდიისა.
  • პაციენტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარშემოწერილობა D=S 23,5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(23,5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნთების განლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-39სმ, S-39სმ, წვივის გარშემოწერილობა D-32, S-33, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გიორგი გრიგოლია, გიორგი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა.