ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, IDFI-მ, შეისწავლა 2021-2023 წლებში თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებული ინფორმაცია.
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის მიხედვით, დეკლარაციაში აისახება წინა წელს მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, კვლევაში გაანალიზებული მონაცემები ფარავს თანამდებობის პირების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ მონაცემებს.
კვლევის ფარგლებში, შესწავლილია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, სსიპ-ები და სხვა) თანამდებობის პირების ძირითადი ნაწილის დეკლარაციები.
ძირითადი მიგნებები
– 2020-2022 წლებში აღმასრულებელის ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 27,8 მილიონ ლარს.
– 2020-2022 წლებში 18,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირს, ხოლო 9,2 მილიონი ლარის საჩუქარი – მათი ოჯახის რომელიმე წევრს.
– თანამდებობის პირებმა საჩუქრების 90% (25.1 მლნ.) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (2.1 მლნ) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო დანარჩენი 2% (0.6 მლნ) მეგობრებისგან, სამსახურიდან და სხვა წყაროდან.
– თანამდებობის პირებს 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი – უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.
– აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს ძალოვან უწყებებში დასაქმებულმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა.
– აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ძვირადღირებული საჩუქრის მიმღებ პირებს ხშირ შემთხვევაში უკავიათ მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობები. მაგ: თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (საჩუქარად მიიღო 200 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მამისგან), შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მეუღლე (მიიღო 450 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება მშობლისგან) და სხვა.
– პრემიერ-მინისტრი მიღებული საჩუქრების სიდიდით (300 ათასი ლარი) აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებს შორის, მე-18 ადგილს იკავებს.
მონიტორინგის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.
მაგალითად, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბაკური გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი მიიღო 24-ჯერ, ჯამში 14,690 აშშ დოლარის და 410 ევროს ოდენობით, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3,250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6,000 ევრო, მეუღლის დედისგან 8,450 ლარი და 2,000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1,000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12,110 ლარი და 403 აშშ დოლარი.
IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას. ამასთან, ნათქვამია კვლევაში, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, წარმოადგენს მნიშნელოვან საფუძველს არაერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებული საჩუქრის კანონიერების დასადგენად, დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად.