რუსთავის მერიის ინფორმაციით, COVID 19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიდასაქალაქო მარშრუტებსა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე შეზღუდვა დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ რუსთავის მერიიდან მიაწოდეს.
მერიაში ამბობენ, რომ რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტებზე იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი და ქალაქში მთლიანად შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება.
შეზღუდვა წესდება რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მოკროავტობუსების გადაადგილებაზეც.
„გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის ნაწილს, განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე მაინც უწევს რუსთავიდან თბილისში მგზავრობა, ამ ეტაპზე, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილი ჩვეული გრაფიკით გადაიყვანს მგზავრებს“, – ამბობენ მერიაში.
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი თერთმეტი ლოტიდან, ხაზზე დარჩება მხოლოდ ექვსი მიმართულება, კერძოდ:
✔️თოდრიას ქუჩიდან დიდუბისკენ;
✔️რკინიგზის სადგურიდან დიდუბისკენ;
✔️ძველი ბაზრიდან თბილისის რკინიგზის სადგურისკენ;
✔️მე-12 მიკრორაიონიდან ასევე რკინიგზის სადგურისკენ;
✔️გმირთა მემორიალიდან ვარკეთილისკენ;
✔️ფიროსმანის ქუჩიდან სპორტის სასახლისკენ;
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სწორად აღიქვას არსებული მდგომარეობა. ყველა ის რეკომენდაცია, რომელთაც ამ დღეებში პრევენციის მიზნით ავრცელება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე შეზღუდვა დაწესდა და ეს არის აუცილებლობით გამოწვეული, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.