ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „აგრესიული ტესტირების“ შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოლაპარაკებები აქვს კორეასა და ჩინეთთან – ქვეყნებთან, რომლებმაც აგრესიული ტესტირების მეშვეობით, ბევრი შემთხვევა ვირუსის ადრეულ ეტაპზევე გამოავლინეს და არის დამაიმედებელი პასუხი, რომ კვირის ბოლოს ტესტების კონკრეტულ რაოდენობაზე იქნება საუბარი.
მისივე ცნობით, საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის საქართველოში ჩამოტანას.
„კორეა არის ის ქვეყანა რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით ძალიან ბევრი ფაქტი ადრეულ ეტაპზე გამოავლინა და შემდეგ ჰქონდა ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვაქვს დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობაში დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ შევძლოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფშია გავრცელებული კორონავირუსი.
„მსგავსი ტესტირება მიმდინარეობს გრიპის ვირუსზეც და ეს არის ზოგადად მიღებული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია“, – განმარტავს მინისტრი.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 1261 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.