ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას შორის ერთ-ერთია, რომ უნდა ვეცადოთ სახეზე ხელი რაც შეიძლება ნაკლებად მოვიკიდოთ. ხელებით, როგორც წესი, გვიწევს ძალიან ბევრ რამეს შევეხოთ, მათ შორის, ისეთ საგნებს, რომლებზეც შესაძლოა, ვირუსი იყოს მოხვედრილი.
ხოლო შემდეგ პირთან, ცხვირთან, თვალებთან მისი მიდებით ძალიან დიდ რისკს ვქმნით, რომ ვირუსი ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს. თუმცა, სხვა რჩევებისგან განსხვავებით, ხალხისთვის ამის გათვალისწინება საკმაოდ რთულია. რატომ ვერ ვეშვებით ხელების სახეზე შეხებას? BBC Future ამის შესახებ წერს.
როგორც BBC წერს, ადამიანების ეს ჩვევა საკმაოდ უჩვეულოა და მაგალითად, ბევრ ცხოველს არ ახასიათებს. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ განსაკუთრებით მიდრეკილები ვართ, შევეხოთ ჩვენს ნიკაპს და ცხვირის, პირისა და თვალების მიდამოებს. არადა, ახალი კორონავირუსის მსგავსი დაავადებების შემთხვევაში, ეს ჩვევა სწრაფ, მარტივ გადადებას იწვევს.
მაგალითად, ამ ჩვევაზე 2015 წელს ავსტრალიაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს დააკვირდნენ. შედეგად, კვლევის ავტორმა მერი-ლუის მაკლაუსმა, ინფექციის კონტროლის სპეციალისტმა სიდნეიდან კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ სტუდენტები სახეზე ხელს ერთი საათის განმავლობაში საშუალოდ 23-ჯერ იკიდებდნენ. არადა, როგორც წესი, ამ სპეციალობის ადამიანები უფრო ფრთხილები არიან დაავადების რისკფაქტორებთან.
მაგრამ რატომ ვიკიდებთ ხელს სახეზე ასე ხშირად და შეგვიძლია თუ არა გადაჩვევა?
როგორც BBC წერს, მაშინ, როცა ყველა სხვა ცხოველი სახეს მოსავლელად და პარაზიტების მოსაცილებლად ეხება, ადამიანები და მისი მსგავსი მაიმუნები, როგორც წესი, ამას სხვა მიზეზებითაც აკეთებენ.
ლაიპციგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მარტინ გრუნვალდი ამბობს, რომ თავისთავზე შეხება ადამიანების „ფუნდამენტური ქცევაა“.
„თავისთავზე შეხება ერთგვარი თვითრეგულირების მექანიზმია, რომელიც, როგორც წესი, არ არის გამიზნული კომუნიკაციისთვის და მასში ცნობიერება მხოლოდ მცირედით არის ჩართული, ან სულაც არაცნობიერად მიმდინარეობს. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს თითოეულ კოგნიტურ და ემოციურ პროცესში და ყველა ადამიანს ახასიათებს“, – ამბობს გრუნვალდი.
„სახეზე შეხება შეიძლება ერთგვარი თვითდამშვიდების აქტი იყოს“, – ამბობს დაჩერ კელტნერი, ბერკლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი. „კვლევები აჩვენებს, კანის კანზე შეხება ჰორმონის – ოქსიტოცინის გამოყოფას იწვევს, რაც სიმშვიდის შენარჩუნებასა და სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება. სხვა შემთხვევაში კი შეხებას შესაძლოა, არაცნობიერად ფლირტის ან სოციალურ ურთიერთობაში ფაზებს შორის კავშირის მიზეზით ვიყენებდეთ“, – დასძენს ფსიქოლოგი.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ „თვითშეხება“ ემოციური კონტროლისა და ყურადღების გახანგრძლივებაში გვეხმარება არაცნობიერად.
თუმცა, ამ არაცნობიერი ქმედების შედეგი შესაძლოა, ინფიცირებაც გახდეს. რადგან თვალები, ცხვირი და პირი ჩვენს ორგანიზმში ბაქტერიებისა და ვირუსების მოხვედრის ერთგვარი კარიბჭეა. არადა, BBC წერს, 2012 წელს ჩატარებული ერთ-ერთი დაკვირვებაც აჩვენებს, რომ ხალხი ხშირად ეხება სხვადასხვა ზედაპირს და ცოტა ხანში ხელს ცხვირთან ან პირთან იკიდებს.
ზოგიერთი სპეციალისტი სამეციდინო ნიღბების მთავარ დანიშნულებად სწორედ ამის შეზღუდვას მიიჩნევს და არა ვირუსებისა და ბაქტერიების პირდაპირ კონტროლს. „ნიღბის ტარება ამცირებს სახეზე პირდაპირ შეხებას და გადადებას უშლის ხელს“, – ამბობს ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარი სტივენ გრიფინი.
თუმცა ნიღბების გარეშე რამდენად შესაძლებელია სახეზე შეხების შემცირება?
კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკლ ჰოლსვორთი ამბობს, რომ ამ ქცევის შეზღუდვა პრაქტიკაში ძალიან რთულია. „უთხრა ხალხს, არ გააკეთონ რამე, რასაც არაცნობიერად აკეთებენ, კლასიკური პრობლემაა. ბევრად მარტივია ურჩიო, ხშირად დაიბანონ ხელები, ვიდრე სახეზე ხელის შეხებას მოუკლონ. წარუმატებლობისთვის ხარ განწირული, თუკი უბრალოდ ეუბნები, არ გააკეთო ეს“, – ამბობს მკვლევარი.
თუმცა ჰოლსვორთის თქმით, შეგვიძლია, სხვადასხვა ხერხით მივცეთ ბიძგი ამის შემცირებას მაგალითად, სპეციალურად დავაკვირდეთ ჩვენს ქცევას და იმას, თუ რატომ და რამდენად ხშირად ვეხებით ჩვენსავე სახეს.
„ხოლო თუ ფიზიკურ საჭიროებას ვგრძნობთ, ქავილს მაგალითად, მაშინ შეგვიძლია ტექნიკა შევცვალოთ. იდეალური არაა, მაგრამ შევეხოთ სახეს ხელის ზედა ნაწილით“, –- დასძენს მკვლევარი.
ჰოლსვორთის თქმით, ამ დაკვირვების შემდეგ უნდა შევიმუშავოთ ტექნიკა, რომ სახეს ნაკლებად შევეხოთ. თუ თვალებს ვეხებით ხშირად, მაშინ სათვალე ვატაროთ. ასევე დავაკავოთ ხელები რამენაირად ან ჯდომისას მასზე დავჯდეთ, რომ სახეს ვერ შევეხოთ.
ხელთათმანების ხმარება კი ნაკლებად ეფექტიანია. ვირუსი მათაც გადააქვთ და ამ ჩვევის ფონზე დიდი შანსია, ვირუსი სახეზე მაინც მოხვდეს და რადგან სახეზე შეხების გადაჩვევა ძალიან რთულია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სანაცვლოდ გვთავაზობს ხშირად დავიბანოთ ხელები, მაქსიმალურად ავირიდოთ ფიზიკური კონტაქტი და დავიცვათ დისტანცია.