ამერიკული პენცენტრი, რომელიც საუკუნეზე მეტია არსებობს და 7 500-ზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოში „კულტურის მოთვინიერებაზე“ 26-გვერდიან კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიხედვით, ანგარიშში გამოკვეთილია კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლების დევნის შემაშფოთებელი ტენდენცია, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ ან/და ხელისუფლების ოფიციალური ხაზისგან განსხვავებულ მოსაზრებებს გამოხატავენ. მათ შორის არიან მხატვრები, მწერლები, კინემატოგრაფისტები, მუზეუმების თანამშრომლები, მკვლევრები და კულტურის სფეროს სხვა ექსპერტები.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა კულტურის სფეროს კრიტიკულად განწყობილი წარმომადგენლების დაშინება, დევნა და მათ საქმიანობაში ჩარევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას კულტურის აქტიური და დამოუკიდებელი სექტორი აშინებს“.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის პერიოდზე და აღნიშნულია, რომ სამინისტრო ქვეყნის კულტურის წამყვანი დაწესებულებების ხელმძღვანელთა არჩევისა და დანიშვნის მექანიზმში ერევა და შესაბამისი კომპეტენციის არმქონე პირებს მმართველ პოზიციებზე ნიშნავს, რაც მანამდე არსებულ გამჭვირვალე პროცესს აზიანებს.
„გადაწყვეტილების მიღება და მათზე კონტროლი ახლა სამინისტროს მიერ დანიშნული რამდენიმე პირის ხელში. ისინი ამ სფეროდან იმ ადამიანების გაძევებას ცდილობენ, რომლებიც ხელისუფლების შეხედულებებს არ იზიარებენ. სამინისტრომ, ფაქტობრივად, ჩამოართვა ბევრ ამ ადრე დამოუკიდებელ დაწესებულებას ყველანაირი უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება პერსონალთან, ბიუჯეტთან და სხვა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში აღწერილია:
„მწერალთა სახლში“ განვითარებული მოვლენები, ნატა ლომოურის ვადაზე ადრე გათავისუფლება და მის ადგილზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის დანიშვნა; „ლიტერას“ ჟიურიში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანა; სამინისტროს მიერ დაარსებული ლიტერატურული კონკურსში გამჭვირვალობის პრობლემა;
მხატვარ სანდრო სულაბერიძის პერფორმანსზე შსს-ს მიერ გამოძიების დაწყება;
მუზეუმებიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან პროფესიონალებისა და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გათავისუფლება; იუსტიციის სამინისტროდან, პენიტენციური სისტემიდან და სპორტული დაწესებულებებიდან გადმოყვანილი არაკვალიფიციური პირებით დირექტორატის დაკომპლექტება; გასაუბრების შეურაცხმყოფელი შინაარსი;
ხელისუფლების ჩარევა კულტურის დარგში კვლევითი პროექტების საგრანტო დაფინანსებაში;
კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის ვადაზე ადრე გათავისუფლება და საქმის პროკურატურაში გადაგზავნა; კინოცენტრის თანამშრომლების კრიტიკული განცხადების შემდგომ გამოცხადებული რეორგანიზაცია და კინემატოგრაფისტთა პროტესტი; სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების“ ჩვენებების გაუქმება;
დმანისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, ლაშა ჩხვიმიანის შევიწროება; სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთა არჩევის პროცესში ექსპერტთა ჩართულობის უგულებელყოფა.
„საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, შელახოს კულტურის დარგის მუშაკების და დაწესებულებების დამოუკიდებლობა, არ არის ბიუროკრატიული ახირება, არამედ ორგანიზებული ქმედებაა, რომლის მიზანიც გამოხატვის თავისუფლებისა და კულტურული უფლებების შეზღუდვაა. ეს თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ უფლებებით სარგებლობას საქართველოში და ძირს უთხრის ადამიანის სხვა უფლებების გამოყენებასაც“, – ვკითხულობთ ანგარიშის დასკვნით ნაწილში.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმემართება.
რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიმართ:
- შეაჩერეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმების სისტემისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის პროცესი. შექმენით დამოუკიდებელი საბჭო შესაბამისი დარგების ექსპერტებისა და პროფესიონალებისგან, რომელიც კონსულტაციას გაუწევს კულტურის სამინისტროს მრავალფეროვანი მოსაზრებებისა და შესაბამისი გამოცდილების უზრუნველყოფით, რათა სამინისტრომ შეიმუშაოს გეგმები ქვეყნის მუზეუმების, ეროვნული კინოცენტრისა და სხვა დაწესებულებებისა და პროგრამების განვითარებისთვის.
- საჯაროდ იკისრეთ ვალდებულება, უზრუნველყოთ მუზეუმებსა და კულტურის სხვა დაწესებულებებში თანამშრომელთა აყვანის კანონიერი, სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასების პროცესი.
- აღადგინეთ ის თანამშრომლები მათ წინა პოზიციებზე, რომელთა გათავისუფლებასაც სასამართლო უსამართლოდ ცნობს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი აღდგენა კანონით შეუძლებელია.
- უზრუნველყავით კულტურის გათავისუფლებულ მუშაკებსა და მსგავს საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი და დროული აღსრულება, მათ შორის კომპენსაციის გადახდა.
- მიეცით შესაძლებლობა კვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარ ექსპერტთა დამოუკიდებელ ორგანოებს, როგორებიცაა, მაგალითად, სახელმწიფო თეატრების დირექტორთა შესარჩევი კომისია, საგრანტო განაცხადების განმხილველი სამეცნიერო საბჭო და მსგავსი ორგანოები, მიიღონ გადაწყვეტილებები და გასცენ რეკომენდაციები კულტურის სფეროში და პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს.
- წარმართეთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები და პატივი ეცით შეთანხმებებს საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირთან.
- უზრუნველყავით, რომ გრანტის მიმღებებმა, რომლებიც მათ კულტურის განვითარების, სამეცნიერო-კულტურული კვლევისა თუ სხვა მიზნებისთვის მიენიჭათ, შეუფერხებლად განახორციელონ თავიანთი პროექტები შესაბამისი დაწესებულებების ჩარევის გარეშე და მათი მხრიდან დახმარების გზით, როგორც ამას საპროექტო დოკუმენტაცია და სხვა შეთანხმებები ითვალისწინებს. ეს მოიცავს წვდომის უზრუნველყოფას მუზეუმის კოლექციებთან, შესაბამის არტეფაქტებსა და სხვა რესურსებთან.
- მიეცით უფლება მკვლევრებს, გადაიტანონ გრანტით დაფინანსებული თავიანთი პროექტები სხვა დაწესებულებებში.
- აქტიურად შეასრულეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის გაძლიერების მიზანს ემსახურება.
რეკომენდაციები საერთაშორისო საზოგადოებრიობის, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ
- აღმოუჩინეთ ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა დამოუკიდებელ მხატვრებს, მწერლებს, რეჟისორებს, მსახიობებსა და საქართველოს კულტურის სხვა წარმომადგენლებს და აღკვეთეთ ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, გააკონტროლოს ან ჩაერიოს ასეთ მხარდაჭერაში.
- საჯაროდ და პრივატულად გამოხატეთ მძლავრი და მკაფიო მხარდაჭერა ადამიანის უფლებების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებების მიმართ და განსაკუთრებით გაუსვით ხაზი კულტურის სფეროს მნიშვნელობას და აქტუალობას სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობაში.
- მხარი დაუჭირეთ სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, მათ შორის კულტურის სხვადასხვა ორგანიზაციას. სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ მხარდაჭერის აღმოსაჩენად ორგანიზაციების შერჩევის პროცესს და პრიორიტეტი მიანიჭეთ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს.
- მოითხოვეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვას კანონის უზენაესობა, გამოიძიოს და პასუხი აგებინოს იმ პირებს, რომლებიც არღვევენ გამოხატვის თავისუფლებასა და ინფორმაციის მიღების უფლებას.
- ხაზი გაუსვით საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, როგორც შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ფუძემდებლური ელემენტის, დაცვის საჭიროებას.
- მოუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ისეთ კანონებსა და პრაქტიკაზე, რომლებიც ზღუდავს თავისუფალ გამოხატვას, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც:
o ასუსტებს კულტურის დაწესებულებების დამოუკიდებლობას;
o აფერხებს მოსაზრებების გამოხატვას წერილობითი ფორმით, ხელოვნების გზით ან კულტურის დაწესებულებებში პოლიტიკური შეხედულებებისა თუ ორიენტაციის გამო რეალური თუ სავარაუდო შურისძიების შიშით;
o ახდენს ზეპირი და/ან წერილობითი სიტყვის კრიმინალიზებას, შეზღუდვას ან სხვაგვარად დასუსტებას;
o ავიწროებს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობისთვის.
ანგარიში, რომლის ავტორებიც პოლინა სადოვსკაია და ჯეინ ბიუკენენი არიან, ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომი ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი წყაროების სიღრმისეულ სამაგიდე კვლევას, ასევე 12 ინტერვიუს, რომლებიც 2022 წლის აგვისტოსა და 2023 წლის ივნისში ჩატარდა საქართველოს კულტურის მუშაკებთან და სასამართლო დავებში მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. ინტერვიუები ჩატარდა რამდენიმე ექსპერტთანაც ქართული პოლიტიკის და ადამიანის უფლებების საკითხებში. 2023 წლის 5 მაისს ამერიკის პენცენტრმა წერილი გაუგზავნა კულტურის სამინისტროს, რომელშიც ამ კვლევის მიგნებებთან დაკავშირებული კითხვები იყო ჩამოწერილი და სთხოვა მათი კომენტირება. ანგარიშის წერის მომენტისთვის პენცენტრს სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია.