ვემხრობი, რომ ზიარების ახლანდელი წესი შეიცვალოს ძველი წესით – ალექსანდრე გალდავა

პუბლიკა

„მე ვემხრობი, რომ ზიარების წესი, რომელიც არის ახლა, შეიცვალოს და აღდგეს ძველი წესი, არაფერი არ დაშავდება, ისე, როგორც ეზიარებოდნენ მე-8 საუკუნემდე ადამიანები“, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

თუმცა, მისივე თქმით, ეს არის უმაღლესი იერარქიის გადასაწყვეტი, – „ვფიქრობ, რომ ისინი შეიკრიბებიან და თავიანთ კომპეტენტურ აზრს და დასკვნას გაგვაცნობენ, თუმცა ეჭვის შეტანა, რომ ზიარება თავისთავად დამასნეულებელია, ესეც მკრეხელობაა და დამაზიანებელია ადამიანისთვის“, – ამბობს ალექსანდრე გალდავა.

„ვფიქრობ, რომ წესი უნდა შეიცვალოს ზიარების გაცემის. ამაში რას ვგულისხმობ – მაცხოვარი ამბობს, რომ ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანია შემნილი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანია შექმნილი წესისთვის. ამ შემთხვევაში, როცა ზიარებაზე ვლაპარაკობთ, წესი არის – გაცემა, შინაარსი არის ზიარება. ჩვენ ზიარებას, მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი, რაც საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა, სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს. ბოლოს და ბოლოს, წმინდა წირვა, რომელსაც აღვასრულებთ ყოველდღიურად ღვთისმსახურებისას, სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც აღასრულა მაცხოვარმა საიდუმლო სერობისას. ჩვენი ეს წირვა ამ ფორმით, რომელსაც ვატარებთ ყოველდღიურად, საიდუმლო სერობის ტრაპეზს, იქ არის მაცხოვარი, რომელიც ილოცებს და გასცემს წიმინდა ზიარებას, ყველაფერი შეცვლილია“, – ამბობს ალექსანდრე გალდავა.

გადაცემაში საუბრის თემა შეეხებოდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაძლოა თუ არა ზიარების წესთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები იყოს.