დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგით გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია, საზოგადოებას მიულოცოს ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უწყებებს, საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ შრომის შედეგზე და განაცხადა, რომ ეს ერთიანობის შედეგია.

„ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, მოგეხსენებათ, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა – პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, გუნდის თითოეულ წევრს, ეს იყო ჩვენი ერთიანობის შედეგი. მოგეხსენებათ, ბოლო 1 წლის განმავლობაში რომ იტყვიან 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ დადებითი და პოზიტიური. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა რეკომენდაცია მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს:

„ეს გამარჯვება, ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საჯარო მოხელეებს, მთავრობას, დიპლომატებს, პარლამენტს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს დიალოგს ევროპელ პარტნიორებთან.

„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ქვეყანამ გაიმარჯვა, ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა სიმართლემ.

გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მჯერა, დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება გადაწყვეტილება, მივიღებთ სტატუსს. ესაა ძლიერი ნაბიჯი გადადგმული ევროინტეგრაციის გზაზე.

დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი, დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება. შეიძლება ასე ვუწოდოთ ევროპეიზაციის 10 წელს, შეიძლება, ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან 10-წლიან პერიოდს, ვინაიდან თუ ვინმე ხელისუფალმა ან მმართველმა რამე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მჯერა, გაფორმდება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო. ქვეყანამ ბოლო 11 წლის განმავლობაში მიაღწია უპრეცედენტო მშვიდობას, სტაბილურობას, მიუხედავად არნახული გამოწვევებისა და რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოსა.

ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ ეროვნულ საქმეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს სრული ევროინტეგრაცია, რასაც, მისი თქმით, სჭირდება „გაცილებით მეტი ძალისხმევა, რადგან ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არ დასრულდება ერთ და ორ წელში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ხალხის კონსოლიდაცია და მთავრობის ეფექტიანი მმართველობა სჭირდება“.