საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Facebook-ზე პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.
„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით“, – წერს მაკრონი.
ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე.