„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კირბალში ჩადენილ დანაშაულზე „ჯეროვანი რეაგირება უნდა ჰქონდეს”. ბოკუჩავა ამბობს, რომ შეადგინეს შესაბამისი რეზოლუციაც, რომელსაც, მისი თქმით, მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი.
„6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ კირბალში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი, რაზეც აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რეაგირების დაფიქსირება.
ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია, ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო 2018 წელს, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს არც საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მიიღოს ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა იმისთვის, რომ საქართველომ გაატაროს დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
დოთიაშვილი უკანონო პატიმრობიდან გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმეა, სწორედ ის იყო მასთან ერთად მანქანაში, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა სროლა დაუწყეს. დოთიაშვილი ამბობს, რომ რუსები მათ გამიზნებით ესროდნენ. ნახა ნატყვიარები თამაზ გინტურზე ხერხემლის არეში.
დოთიაშვილის თქმით, მისთვის რთულია იმ პირების ამოცნობა, რომლებიც მათი მისამართით ისროდნენ. ამბობს, რომ მასზე დაკავებისას რუსებმა ფიზიკურადაც იძალადეს.