ლაზარეს დედა თამთა კალანდაძე: სამართალს ვერ ვგრძნობ, ვერ ვხვდები, რატომაა ჩემი შვილი ციხეში

პუბლიკა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა დღეს შვილის სასამართლო პროცესზე მივიდა. ამბობს, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ჩამოსვლა გადაწყვიტა, რადგან შვილის შემდეგ პროცესზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

თამთა კალანდაძე ამბობს, რომ ვერ გრძნობს სამართალს და არ იცის, რატომ არის მისი შვილი ციხეში.

„სამართალს ვერ ვგრძნობ… ვერ ვხვდები, რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვეა ციხეში, ყველაზე მძიმე იყო, იმის მოსმენა, თუ რას ამბობდნენ ლაზარეზე, ჯერ ხუმრობა მეგონა, მერე, რომ დავრწმუნდი უბრალოდ შეუფერებელია, როდესაც თანამდებობის პირები მსგავს რაღაცებს ლაპარაკობენ”, – თქვა ლაზარეს დედამ.

საქალაქო სასამართლოში გრიგორიადისის საქმის განხილვის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. სავარაუდოდ, განაჩენი 17 ნოემბერს გამოცხადდება.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.

გრიგორიადისის ოჯახის წევრები გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას ითხოვენ.