2024-დან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000-მდე გაიზრდება

პუბლიკა

2024 წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000-მდე გაიზრდება.

ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც შალვა პაპუაშვილმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვრის ცვლილება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული და ეს არა მხოლოდ ყოფილ დეპუტატებს, არამედ სხვა სეგმენტის პირებსაც შეეხება: სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ.

„დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. – ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება.

1 იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, დღეს გადაწყდა, რომ პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასი რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი.

დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება კოეფიციენტი 7-დან 8.5-მდე.

პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრება:

  • პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8;
  • კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4;
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2;
  • პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0.

პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასი შემდეგი მოწვევიდან – 2025 წლის  1 იანვრიდან იზრდება.

2 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ კოეფიციენტების შესაბამისად, დეპუტატების ხელფასები 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება. პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება.

ამ რიცხვებმა კრიტიკა გამოიწვია, ამიტომ, უშუალოდ ამ სახით გაკეთებული  ჩანაწერი კოეფიციენტებით შეიცვალა.