საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში „ევრომაიდნის“ დაწყებიდან 10 წლისთავს ეხმაურება.
„პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს. 2023 წელს 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპულ ოჯახში ერთიანდებიან“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში სამოქალაქო პროტესტის ტალღა 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო, რაც გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების მიერ მოულოდნელად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შეჩერებამ და რუსეთთან დაახლოებამ. პროტესტი 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. პოლიციასთან შეტაკებებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტი იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა. დროებითმა მთავრობამ, არსენი იაცენიუკის ხელმძღვანელობით, ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას.