პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან” და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საკითხზე ამბობს, რომ „დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა”.
მან სამთავრობო არხს, „იმედს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
„მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ცუდია, ეს ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ამ თამაშამდე მოვედით ამ ერთიანობით.
ადამიანური შეცდომა იყო, არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, მოხდა ეს ყველაფერი.
დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი გუნდის, ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 21 მარტს ჩვენი გუნდი დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს და 26-ში უკვე ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ ფინალს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს“. – თქვა ლევან კობიაშვილმა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათის გამო ხვიჩა კვარაცხელია მარტში, ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. მესამე ყვითელი ბარათი მან 19 ნოემბერს, ესპანეთთან თამაშის დროს მიიღო. რისკისა და 21 მარტის თამაშის მნიშვნელობის გამო ხვიჩა კვარაცხელიას ესპანეთთან მატჩი უნდა გამოეტოვებინა.
კობიაშვილამდე განცხადება, რომ „ადამიანური შეცდომა მოხდა”, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ გააკეთა. მისი თქმით, შეცდომა სწორედ მას მოუვიდა.
„იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე”. – დაწერა გიორგი კაციტაძემ ინსტაგრამზე.
საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით შეცდომა 2015 წელსაც იქნა დაშვებული, როცა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ შეცდომით გამოტოვა – მაშინ მას შესარჩევ მატჩებში 2 ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, ფეხბურთელს კი თამაშის გამოტოვება 3 ყვითელი ბარათის შემდეგ უწევს.
ლევან კობიაშვილი, რომელიც მაშინ სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, წერდა:
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები”.
დღეს „იმედთან” კობიაშვილმა თქვა, რომ 2015 წელს სულ სხვა გარემო იყო.
„მეორედ გვაქვს იმის შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ამდენი სტადიონი გაკეთდა. სად იყო მაშინ ნაკრები. ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემებიც იყო. და სწორედ ამის გამოძახილი იყო ის წუხული და მესიჯი, რომელზეც მაშინ ვსაუბრობდი. განსხვავება ძალიან დიდია – სად ვიყავით და სად ვართ”. – ამბობს ის.