მდინარაძე: „ოცნება” სახელმძღვანელოებში იმ პატარა ნაღმებს დასდევს, რომელიც ენმ-მ დატოვა

პუბლიკა

მამუკა მდინარაძის თქმით, „ოცნება“ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ლიტერატურაში „დასდევს პატარ-პატარა ნაღმებს“, რომელიც დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ.

მდინარაძის თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოებში ყველა ფრაზა საყურადღებოა, რათა ამან „ისტორია არ დაამახინჯოს”.

მისივე თქმით, თუ რაიმე პრობლემაა დღეს განათლების სისტემაში, წინა ხელისუფლების დანატოვარია. „ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კი, როგორც მდინარაძე ამბობს, დღითიდღე უმჯობესდება ხარისხი.

„თუკი რაიმე პრობლემები გვაქვს ამ სფეროში[განათლების], ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის აბსოლუტურად მოშლილი განათლების სისტემა მათი[ენმ] მმართველობის დროს… [პრობლემები]ნაცმოძრაობის პერიოდიდან დაწყებულია, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კი დღითიდღე უმჯობესდება ხარისხი. სოციალური გარანტიებით დაწყებული, პროგრამებით გაგრძელებული, დღემდე სასკოლო სახელმძღვანელოებსა და მსგავს ლიტერატურაში დავდევთ პატარ-პატარა ნაღმებს, თითო ფრაზაშიც კი რომ არის გამოხატული და ნაღმია… ბავშვის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, ისტორიას ამახინჯებს და ა.შ. და კიდევ ამილახვარს კომისიების კეთება უწევს, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ეს ნაღმები და ბავშვებს სწორი პატრიოტული მიმართულება ჰქონდეთ.

პირველ რიგში, ვასწორებთ იმ ნაღმებს, რაც დაგვხვდა, რამაც საქართველოს მოქალაქეებს იმის თქმის საშუალება მისცა, რომ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემებია და ახლა ახალგაზრდების წინააღმდეგ ის ადამიანები იყენებენ ამას, ვინც ეს უზრუნველყვეს…”, – თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ „საკუთარი განათლების დონეს უნდა მიხედოს”.

„განათლება მარტო 5-6 წიგნის წაკითხვა არ არის, ალბათ, აქ[პარლამენტში] ბევრი არც დაიკვეხნის, მაგრამ მარტო წიგნის კითხვა არ შველის… განათლების დონე არის, რომ ასე ახალგაზრდებს, შენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო”, – თქვა მან.