კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

გვენეტაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ამ თანამდებობას მიმდინარე წლის ნოემბრიდან იკავებს.

„უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ”, – განაცხადა მან.

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა. უფლებამოსილების ვადა მას 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა.

სებ-ს ახლა პრეზიდენტი არ ჰყავს. მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, ნათია თურნავა ასრულებს.