კანონპროექტი - იურიდიული პირები პარტიებზე შემოწირულობებს ვეღარ გასცემენ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების განხილვას იწყებს.

4 დეკემბერს ბიურომ მხარი დაუჭირა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას. კანონპროექტის ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები არიან.

კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემის აკრძალვას.

ასევე, კანონპროექტით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს, ნაცვლად 0.05%-ისა.

ამავე პროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი ფიზიკური პირის ფინანსების ასევე, აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი იურიდიული პირის ფინანსების შესახებ.

შემოწირულობის დარღვევით გაცემა გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით .

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

„ოცნება“ აღნიშნავს, რომ „ვენეციის კომისიამ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია გასცა იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების აკრძალვის თაობაზე. სწორედ აღნიშნული საკითხის ცვლილებას ითვალისწინებს კანონპროექტი და მასთან ერთად, ამცირებს პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობას საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არაუმეტეს 0.04%-მდე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას და შესაბამისად, ქმნის სამართლიანი სააარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას“.