თითო დასაქმებულიდან 64 ლარი - როგორი იქნება საზმაუს დაფინანსების ახალი მოდელი

პუბლიკა

პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ცვლილების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს ცვლის.

საზმაუს მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა შეიმუშავეს ახალი ცვლილება, რომლის მიხედვით, გაუქმდება საზმაუს არსებული დაფინანსების წესი, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით და მაუწყებელი დაფინანსდება თითო დასაქმებული პირიდან 64 ლარით.

„საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დაფინანსდება საქსტატის მონაცემებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

აღნიშნული წესი ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან.“

2024 და 2025 წელს საზმაუ დაფინანსდება წინა წელს მისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობით.

კანონპროექტით იცვლება აჭარის ტელევიზიის და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით. არსებულ კანონში 2026 წლიდან აჭარის მაუწყებლობის დაფინანსება 17%-ით იყო გათვალისწინებული.

მაგალითისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 1 283 700 ათას კაცს. ამ რიცხვის ნამრავლი 64-ზე შეადგენს 82 მილიონზე მეტს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საზმაუს დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას, თუმცა კანონპროექტით გათვალისწინებული იყო დაფინანსების სხვაგვარი წესი, კერძოდ, პროექტით შემოთავაზებული იყო, რომ მაუწყებელი, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

ამ ცვლილებით უკმაყოფილო იყო საზმაუს მენეჯმენტი.