საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარტია „ქართული ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“, – ამბობს მოშე კლუგჰაფტი. მის კომენტარს პარტია ავრცელებს.
პარტიისვე თქმით, კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე მართავდა PSD-ის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წარმატებულ კამპანიას რუმინეთში 2016 წლის არჩევნებისთვის. ის „ფორბსმა“ აირჩია ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად 40 წლამდე, ხოლო „იერუსალიმ პოსტმა“ აირჩია 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის.
რაც შეეხება 2021 წლის არჩევნებს, „ქართულ ოცნება” უარყოფდა ინფორმაციას, რომ ისრაელელმა პოლიტტექნოლოგმა მოშე კლუგჰაფტმა მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნოდ სტრატეგია მოამზადა.
მოშე კლუგჰაფტის შესახებ მედიაში იძებნება შეფასებები, სადაც მას აგრესიული და პროვოკაციული კამპანიების ორგანიზატორად მოიხსენიებენ.