სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) გალში თემურ კარბაიას გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მსგავს შემთხვევებზე სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმების გამოყენების ინსტრუმენტებს გაითვალისწინებს.
ორგანიზაცია წერს, რომ „მიმდინარე წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევების მიუხედავად, ჩვენ არ მოგვისმენია სახელმწიფოს მხრიდან ახალი ინიციატივები, რომელიც ამ პოლიტიკური და სამართლებრივი ვაკუუმის პირობებში პოზიტიური ვალდებულებების შესრულების ახალ მიდგომებს და ინსტრუმენტებს წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია ეს ხედვა კონფლიქტებით და ომით დაზარალებული მოსახლეობის ყველა ჯგუფის საჭიროებებს, უფლებებს და ინტერესებს ფარავდეს და მაქსიმალურად ინკლუზიური იყო.
„უკანონო დაკავება, ჩხრეკა და თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვა გალის რაიონში სისტემურ პრაქტიკას წარმოადგენს, რაც ზოგადად აქ არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების უკანონო პატიმრობაში უკვე მესამე წელია იმყოფება ირაკლი ბებუა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად საფრთხის ქვეშ არის აფხაზეთს დე-ფაქტო პენიტენციურ სისტემაში. უკანონო პატიმრობაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები ქრისტინე თაკალანძე და ასმათ თავაძე.
სამწუხაროდ, აფხაზეთის მიმართულებით უკვე 5 წელია არ ფუნქციონირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) და არც სხვა პირდაპირი დიალოგის პლატფორმა არსებობს, რომელიც საქართველოს მთავრობას აფხაზეთის de facto ხელისუფლებასთან ამგვარი ინციდენტების განხილვისა და რეაგირების შესაძლებლობას მისცემდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ არა ერთი საერთაშორისო მექანიზმიდან რუსეთის გარიცხვის პირობებში კი, სუსტია საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობებიც ამგვარ შემთხვევებზე.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად არ ამუშავებს ისეთ ექსტრაორდინალურ მექანიზმს, როგორიცაა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფო რეაგირების შეთანხმებულ ფორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის ახალი პროექტი, რომელიც მთავრობამ მიმდინარე წლის ბოლოს შეიმუშავა, ასევე არ ითვალისწინებს ახალ მიდგომებს, რომელიც ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს“, – წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს:
- უზრუნველყოს თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჯეროვანი გამოძიება, მით უფრო, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ხშირად გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახელმწიფოს ასევე აქვს კომუნიკაცია გალის საავადმყოფოს ექიმებთან და მას შეუძლია სიმართლის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვება;
- გაააქტიუროს და ქმედითი გახადოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეაგირების და სანქცირების მექანიზმები რეალურად გამოიყენოს;
- აქტიურად იმუშავოს მინიმუმ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლებაზე აფხაზეთის მიმართულებით, რათა შეძლოს ამგვარ შემთხვევებზე დროული რეაგირება და დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნა;
- გამოიყენოს დიპლომატიური და პოლიტიკური არხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების და რელევანტური ორგანიზაციების ინფორმირების და მათი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით;
- აქტიურად იმუშავოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე de facto ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატზე, რომელიც სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეძლებს ფუნქციონირებას და შესაძლებელს გახდის, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, უფლებრივი და სოციალური საკითხების გარშემო მოლაპარაკებებს;
- სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ასევე პოლიტიკურ აქტორებთან აქტიური კონსულტაციითა და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის ფარგლებში შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები და მიდგომები და შექმნას რეაგირების თანმიმდევრული გეგმა. მნიშვნელოვანია ეს გეგმა პრიორიტეტულად ითვალისწინებდეს გალისა და ახალგორის რაიონში რეგიონში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებსა და ინტერესებს.
9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.