[სააკაშვილის შეწყალებაზე] უარი არ განმიცხადებია - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„[სააკაშვილის შეწყალებაზე] უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტთან ინტერვიუ „რადიო თავისუფლებამ“ 12 დეკემბერს პრაღის სათაო ოფისში ჩაწერა და ესაუბრა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამბებზე და მის პირად გეგმებზე.

ამ ინტერვიუში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა უარი განაცხადა სააკაშვილის შეწყალებაზე, რაზეც პრეზიდენტმა თქვა, რომ უარი არ განუცხადებია.

„უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ და ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ [ევროპულ] გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, არამედ შევარდნაძემაც შეასრულა დიდი როლი. ის იყო პირველი, ვინც გახსნა ჭიშკარი. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდეგ ცოტა ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას“, – განაცხადა პრეზდენტმა.

ჟურნალისტმა ასევე პრეზიდენტს ჰკითხა, რომ სააკაშვილის გარდა არსებობს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხიც.

ზურაბიშვილმა გაიმეორა, რომ მას კორექტულად არ მიაჩნია შეწყალებაზე კომენტარი პრეზიდენტის მხრიდან.

„ეს პრეზიდენტის დისკრეციაა და თუ დაიწყებ ერთ რამეზე კომენტირებას და ახსნას, მაშინ ეს გამოდის სხვა ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც ასევე დაპატიმრებულია და ითხოვს შეწყალებას და მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები მათ შორის ჟურნალისტები ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მან.


„ბევრი კითხულობს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო, არა და არასდროს. იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 1 ოქტომბერს განაცხადა.

„რადგან ეს საკითხი კიდევ ერთხელ მუსირებს, უნდა ვთქვა, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია — არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს“, – ეს განცხადება კი 2021 წლის 3 ნოემბრით თარიღდება.

2022 წლის 10 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაიმეორა უარყოფის გამომხატველი ორი სიტყვა: „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“.