საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, „საქართველოს მისწრაფებების, მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარებაა”.
„გილოცავ, საქართველო, ამ ისტორიულ დღეს. ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება. საქართველოს ხელისუფლების ნება, საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირში გაწევრიანებამდე!” – დაწერა მან X(Twitter)-ზე.
გადაწყვეტილება, რომ ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, ცნობილი დღეს, 14 დეკემბრის საღამოს გახდა. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან მათი გაწევრების შესახებ.
საქართველოს 2022 წელს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და დაასახელა რეფორმების 12 პუნქტი, რომელიც სტატუსის მისაღებად იყო აუცილებელი. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მათი უდიდესი ნაწილი არ შეასრულა.
წელს სტატუსის მინიჭებას თან ახლავს 9 დათქმა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა წევრობის მოლაპარაკებები საქართველოსთანაც დაიწყოს.