„საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში“ - პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე დააჯილდოვა

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გამყრელიძეს ჯილდო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის და ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ასევე „უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის“ გადაეცა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის  მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული“,- განაცხადა  პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის:

,,თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტისგან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს მიღება, რომელიც სხვათა შორის, პირველი ჯილდოა ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არ ვიყავი მიჩვეული ზოგადად ჯილდოების მიღებას, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს განსაკუთრებულია, განსაკუთრებით, თქვენგან, ქალბატონო პრეზიდენტო.

ამირან გამყრელიძემ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც მისი თქმით, პრეზიდენტი ეწევა ევროინტეგრაციის გზაზე.

„იმედია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ნამდვილ, ძლიერ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოში. მადლობა ამისთვის თქვენ!

ჩვენ ძლიერები ვიქნებით, თუ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი და განათლებული  ერი ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ჩვენი საზოგადოება, თანამედროვე განათლებით და მაშინ უფრო გაადვილდება ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ ძალიან გვინდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.