შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.
შსს-ს განცხადებით, სიცრუეა, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე.
„სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო.
შსს-ს განცხადებაში წერია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.
ცნობისთვის, გერმანუნლი გამოცემა tagesschau წერდა, რომ საქართველო დაინტერესებული არაა მიგრაციის შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში ლეგალური მუშაობის უფლებას გულისხმობს.
გერმანული გამოცემის განმარტებით, მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის, დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა. „გერმანიის გადმოსახედიდან, ეს გონივრული ნაბიჯია, რომელიც საქართველოსთვის უინტერესო აღმოჩნდა”, – წერია სტატიაში.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა და საქართველოს შს მინისტრმა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ სამთავრობო შეთანხმება თბილისში, 19 დეკემბერს გააფორმეს.