„შეეშვი დოიაშვილს და სხვა ხელოვანებს” – ამ სიტყვებით მიმართა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ კულტურის მინისტრს მწერალთა სახლში, სადაც წულუკიანი კონკურსის „მუზა” დაჯილდოებაზე იყო მისული.
„უნდა შეიგნოთ კარგად, უნდა დაიმახსოვროთ, უნდა დაიმახსოვრო, რომ დოიაშვილსაც და სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა და ისწავლო ჭკუა. ბიძინას გადაეცი, მაგ მათხოვარს, მაგ ბარიგას და ვაჭრუკანას, ახალგაზრდებს შეეშვას”, – უთხრა წულუკიანს კაკაბაძემ.
ვიდეო სოციალურ ქსელში, ირაკლი კაკაბაძის დამ, ნინია კაკაბაძემ გაავრცელა. ვიდეოს ბოლოს ისმის თეა წულუკიანის რეპლიკა „ასეთი დემოკრატია და თავისუფლებაა მწერალთა სახლში”, – თქვა მან.
მოგვიანებით, კულტურის სამინისტრომ დაწერა, რომ ირაკლი კაკაბაძემ „მოაწყო სკანდალი, იმის გამო, რომ პრემია „მუზა“ არ მიენიჭა.
„სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები. სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას.
ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ წულუკიანს არ ესმის სფერო, რომელსაც ხელმძღვანელობს. ერჩის ხელოვანებს. „ყველაფერი სათქმელია, ჩემ თავს ვამტყუნებ, რომ აქამდე არ ვუთხარი… მან დღეს შეურაცხყოფა მიაყენა მწერალთა სახლში მყოფ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ეს არის ასაკოვანი ფაშიზმი, ფაქტობრივად თქვა, ვინც 50 წელს გადაცილებულია, ყველა უნდა მოვიშოროთო” – განაცხადა კაკაბაძემ „ტვ პირველის” ეთერში.