მინისტრის თქმით, პრეზიდენტის მიწვევას ელჩების კონფერენციის ფორმატი არ ითვალისწინებდა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ წლევანდელი კონფერენციის ფორმატი პრეზიდენტის მოწვევას არ ითვალისწინებდა. მისი თქმით, კონფერენციის თემა ევროინტეგრაცია იყო, ამ მიმართულებით კი მთავრობა და პარლამენტი მუშაობდნენ. მისივე თქმით, პრეზიდენტი შარშან მიიწვიეს, თუმცა ის ღონისძიებას არ დაესწრო.

„წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განახორციელა საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა, ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე….

[რაც შეეხება] საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას, შარშან პრეზიდენტი იყო მოწვეული და მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა დღევანდელ კონფერენციას ფორმატი ჰქონდა შემდეგი იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, ორი მთავარი შტო მუშაობდა ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, ამ ლოგიკით იყო ფორმატი“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე არ მიუწვევიათ.

„26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტი ღონისძიებას შარშან თავისი გადაწყვეტილებით არ დაესწრო.

2022 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ არდასწრების მიზეზი პროტოკოლის დარღვევა იყო. პრეზიდენტის სკამი პროტოკოლით განსაზღვრულ შესაბამის ადგილას არ მოათავსეს.