აზარაშვილი: ფარმაცევტული კომპანიები სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაგულ მეთოდებს იყენებდნენ 

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ ფარმაცევტულ კომპანიებზე ამბობს, რომ ისინი „მიზანმიმართულად, ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ”.

„დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრისვე განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარსადგენად.

„ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს”.

დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი – ავერსი, PSP, გეფა და მერმისი დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

სააგენტოს ცნობით, დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.

კომპანიები – „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ.