კვების ობიექტები, ე.წ. გატანის მომსახურებას აგრძელებენ და მათზე დამატებითი რეგულაციები ამ ეტაპზე აღარ გაცემულა. ამის შესახებ „პუბლიკას” მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელისა და ბენზინ გასამართი ქსელის, საფოსტო და საბანკო განყოფილებებისა, უნდა დახუროს.
„პუბლიკა” დაინტერესდა, ეხებოდა თუ არა აღნიშნული შეზღუდვა საკვებ ობიექტებს (დისტანციურ მომსახურებას). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე დისტანციური შეკვეთების მომსახურება მათ არ ეკრძალებათ.
რა შეზღუდვები მოქმედებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ამ ეტაპზე:
17 მარტს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით გაიცა შემდეგი შეზღუდვები:
► შეიზღუდა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის,
კაფეების, რესტორნების, ბარების, სწრაფი კვების ობიექტის, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლების უშუალო მომსახურებასთან და მათ უნდა
გააგრძელონ ოპერირება მხოლოდ, ე.წ. მიწოდების სერვისების გზით;
► შეიზღუდა სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება.
მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად იქნეს დაცული შემდეგი პირობები:
► პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;
► ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
► სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).
მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდებისას დაცული იქნას შემდეგი პირობები:
► პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
► სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
► სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.