ახალი წესდებით, „ოცნების“ პოლიტსაბჭო პრემიერის კანდიდატურას ივანიშვილის წარდგინებით დაამტკიცებს

პუბლიკა

პარტიების რეესტრში დღეს გამოქვეყნდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წესდებაში 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებები.

პარტიის ორგანოებს დაემატა „საპატიო თავმჯდომარე“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იკავებს.

განახლებული წესდების მიხედვით, პარტიის პოლიტსაბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სწორედ საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.

ამავე წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს მსგავსად, საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებით „შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტიის რიგგარეშე ყრილობა“. 

პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასევე შედის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, პარტიის თავმჯდომარესა და პარტიის ყრილობის მიერ არჩეულ 15 წევრთან ერთად. საპატიო თავმჯდომარე, თავმჯდომარე ან პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობის არანაკლებ ერთი მესამედისა შეუძლია მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა.

წესდებაში აღნიშნულია, რომ „საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი“. პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე.


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა. ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ ცნობილი 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე გახდა.