„ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფი ნატა ფერაძეს ემუქრება და მისი სახლისკენ მიდის

პუბლიკა

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები აქტივისტ ნატა ფერაძეს ემუქრებიან. ისინი შეიკრიბნენ და აქტივისტის სახლისკენ მსვლელობით მიდიან.

მსვლელობის ამსახველი ფოტო- ვიდეომასალა ვრცელდება პრორუსული ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ საინფორმაციო არხებითაც. შეხვედრა გუშინ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაორგანიზდა.

ამის შესახებ ინფორმირებულია აქტივისტი ნატა ფერაძეც. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ მის სახლთან მობილიზებულია პოლიცია და მედია.

მსვლელობის მიზეზი სამების ეკლესიაში წმ. მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტი გახდა.

ვიდეო სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა.

ამის შემდეგ, გუშინ საღამოს, ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ მუქარა არ წყდება, რის გამოც პოლიცია გამოიძახა და მუქარის მესიჯები გააცნო.

„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, ექნება თუ არა რეაგირება ნატა ფერაძის ამ მიმართვაზე და რა ზომებს მიიღებს პოლიცია ფერაძის სახლისკენ „ალტ-ინფოს“ მსვლელობაზე.

პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

შსს-ს წარმომადგენელმა „ფორმულას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ მსვლელობის გამო, სავარაუდო ექსცესების აღსაკვეთად არიან მისული.

სამებაში ხატისთვს საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.