ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ოქტომბრის არჩევნეთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ კომენტარში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოქტომბრის არჩევნებთან – ეს აშკარად არის სტრატეგიული, პიარ ნაბიჯი, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი სახეა და ალბათ, არსებობს შიში, რომ არჩევნები ისე არ წავა, როგორც ეს მმართველ გუნდს სურს, ალბათ, სწორედ ამიტომ, ივანიშვილი გამოდის წინ. მან იცის და როგორც მე ვიცი, კვლევებშიც ჩანს, რომ ის ისევ სარგებლობს გარკვეული პოპულარობით.
ძალიან საინტერესოა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ. კითხვა მაქვს – საქართველოს რომ სტატუსი ვერ მიეღო, გააკეთებდა თუ არა ივანიშვილი? მიხარია, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, კითხვაა – სურს თუ არა ივანიშვილს ამ გზის შენარჩუნება თუ ის წინ გამოვიდა, რათა შეცვალოს ეს მიმართულება? მას უწოდებენ არაფორმალურ მმართველს, მე ვეთანხმები ამ შეფასებას”, – თქვა მან.
გრეგოროვამ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ პარტიაში თანამდებობის დაკავებას გავლენა არ ექნება ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე ევროკავშირის ან რომელიმე წევრი სახელმწიფოს მხრიდან.
მისივე თქმით, როცა ევროკავშირი ინდივიდუალური პირის სანქცირების გადაწყვეტილებას იღებს, ეს ხდება იმის მიუხედავად, თუ რა თანამდებობას იკავებს ის.
„არ ვფიქრობ, რომ თუ ევროკავშირი სანქცირების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ პროცესზე გავლენას მოახდენს მისი თანამდებობა ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა. ის „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.