ვნახეთ მკრეხელური გამოვლინება და იერიში დედა ეკლესიაზე - განათლების მინისტრი

პუბლიკა

“დიდი ხანია ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე” – ამბობს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხატზე გამოსახული საბჭოთა დიქტატორის, სტალინის სამების საკათედრო ტაძარში გამოფენის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ.

„მორიგი მსგავსი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში. საზოგადოება არის ბრძენი და საზოგადოება ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსების და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, ძალიან არაბუნებრივ, არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული” –  ამბობს განათლების მინისტრი.

იგი გულისხმობდა სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის პროტესტს, რომელმაც ხატს, სადაც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხა. ამ ფაქტს კი ძალადობრივი და პრორუსული ალტინფოს მიერ დაორგანიზებული აქცია მოჰყვა, ნატა ფერაძის სახლთან, სადაც ისინი ნატა ფერაძეს ემუქრებოდნენ.