გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში ღაზის გენოციდის საქმეზე ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის განხილვა დაიწყო.
დღეს, 11 იანვარს სასამართლომ უკვე მოუსმინა სამხრეთ აფრიკის არგუმენტებს. ხვალ, 12 იანვარს კი ისრაელს მოუსმენს.
სასამართლოსთან შეიკრიბნენ როგორც პალესტინელი, ისე ებრაელი მოქალაქეები. მათ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით პოლიცია ყოფდა.
სამხრეთ აფრიკა ითხოვს, სასამათლომ დააწესოს დროებითი ზომა, რის შედეგადაც ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს.
კერძოდ, დაწესდეს ზომა „პალესტინელი ხალხის მიმართ შემდგომი მძიმე და გამოუსწორებელი ზიანის პრევენციის მიზნით, 1948 წლის გენოციდის კონვენციის შესაბამისად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელმა შეასრულოს თავისი ვალდებულება, არ ჩაერთოს გენოციდში”.
საქმის განხილვაში ისრაელის მონაწილეობა ნიშნავს, რომ ამ ქვეყანამ ICJ-ს მიმართ მრავალწლიანი ბოიკოტი შეწყვეტა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ზომა 11 შემთხვევაში მიიღო, რაც მეტია, ვიდრე მანამდე, 50 წლის განმავლობაში გამოტანილი ჯამში 10 დროებითი ზომა.
ICJ-ის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. ისრაელის განცხადებით, მსხვერპლთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და მას დღემდე აგრძელებს.
შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 22 ათასს გადააჭარბა. მოკლულთა ნახევარზე მეტის ასაკი 18 წელზე ნაკლებია.