პაპუაშვილი: ხატთან დაკავშირებული კამპანია „სოვლაბმა“ და გიორგი კანდელაკმა წამოიწყეს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მატრონას ხატზე  ბოლოდროინდელი „ისტერია“ შობის წინ „სოვლაბმა“ და გიორგი კანდელაკმა წამოიწყეს.

„ჩვენ ვნახეთ ხატთან დაკავშირებით ისტერია. საეკლესიო კალენდრის სპეციალისტი აღმოჩნდა, რატომღაც, ყველა NGO და პოლიტიკოსი და იკონოგრაფიის სპეციალისტებიც აღმოჩნდნენ უცებ.

ეკლესიის მხრიდანაც იყო განცხადება. ეს ხატი წლებია, თუ თვეებია იქ არის. დიდი ალბათობით, ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციამ [სოვლაბი] და ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, ასეთ ანტიქართულ საქმეებში გიორგი კანდელაკი გამოირჩევა, ვნახეთ, რომ მან დაიწყო ეს კამპანია, მან და სოვლაბმა. ესეც ცალკე ისტორიაა, რომ გიორგი კანდელაკი ახლა „ენჯეოშნიკად” გვევლინება და „სოვლაბის” სახელით საუბრობს…

ეს იყო დაგეგმილი კამპანია, დაგეგმეს, რომ შობის საღამოსთვის ისტერია აეტეხათ, როგორც აკეთებენ ხოლმე, იმისთვის, რომ დღესასწაული ჩაეშხამათ. სინამდვილეში, მათ არც შობის თარიღი აინტერესებთ, არც 25-ში აღნიშნავენ, არც 7-ში, სანთელი ხელში მათ არ უჭირავთ და არც ის ადარდებთ, ხატზე რა იქნება გამოსახული. ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას“, – თქვა პაპუაშვილმა.


სამების ტაძარში მატრონას ხატზე სტალინის გამოსახულების შესახებ ინფორმაცია „სოვლაბის“ პროექტის მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა. მან facebook-ზე დადო ხატის ვიდეო. რამდენიმე დღის შემდეგ ხატს საღებავი შეასხეს.

გაირკვა, რომ მატრონას ხატი სტალინის გამოსახულებით სამებას ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა შესწირეს.

საპატრიარქოს ბოლო განცხადებაში ხატთან დაკავშირებით  მოუწოდებენ, „შემომწირველთ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს”.