პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოსტიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლების გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს პარლამენტში უპასუხა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნიდან გამომდინარეობდა.
მისივე თქმით, ბიბლიოთეკას სჭირდება ახალი ენერგია.
„ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის, დამატებით განმარტებას არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას.
ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ გიორგისთან გუშინ, არამარტო ამ საკითხზე, ვისაუბრეთ ზოგადად ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. გუშინ ითქვა კიდევაც, რომ ბატონი კონსტანტინე იქნება ახალი ხელმძღვანელი“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს გიორგი კეკელიძის სამოქალაქო პოზიციას და პოლიტიკურ შეხედულებებს და პარლამენტის სპიკერს ჰკითხეს, „იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან „ოცნებას“ მისი პოზიციონირება არ მოსწონდა“.
„არა, რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბილიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს შუაში პოლიტიკასთან. ამიტომ ეს მცდელობები, რომ დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, თავის მხრივ, აჩვენებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კიდევ ერთ შეკითხვაზე, რა მიზეზით მიიღო პაპუაშვილმა ეს საკადრო გადაწყვეტილება, ის ამბობს:
„ბატონ გიორგისთან გვქონდა ჩვენ საუბარი, მე დამატებით განმარტებებს არ ვაპირებ.
მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ კონსტანტინეს, უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა.
…საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და არის დისკრეცია პარლამენტის თავმჯდომარის, მიიღება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე და უპირველეს ყოვლისა, მიიღება ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში. ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენარგია და ამ ენერგიით გააგრძელებს ის.
მე მგონი, არ სჭირდება ახსნა, რამდენად შეეფერება კონსტანტინე გამსახურდია ამ თანამდებობას, საზოგადოებაში ამაზე კითხვები არ არის“, – განაცხადა მან.
დამატებით შეკითხვაზე, ხედავდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძის 11-წლიან საქმიანობაში რამე ნაკლოვანებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ არ უნდა, დეტალებზე ისაუბროს.
„შედეგები, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს და კიდევ ერთხელ, არ შეიძლება, რომ ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკა გავაიგივოთ ერთ ადამიანთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, რომელიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ იქ… ეს მიღწევები არის უპრიველეს ყოვლისა დამსახურება მთლიანად კოლექტივის და რა თქმა უნდა, ბატონი გიორგიც, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი წვლილი ამაშიც არის. დეტალებში არ შევდივარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება“, – თქვა მან.
11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცნობილი გახდა, რომ ამ პოსტზე კონსტანტინე გამსახურდიას დანიშნავენ.
კანონის მიხედვით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.