ICJ ღაზის შესაძლო გენოციდის საქმეზე ისრაელის პოზიციებს ისმენს

პუბლიკა

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში ღაზის გენოციდის საქმეზე ისრაელის პოზიციებს ისმენს.

ეს საქმის განხილვის მეორე დღეა. მოსმენა გუშინ, 10 იანვარს დაიწყო. სასამართლოს წინაშე თავდაპირველად სამხრეთ აფრიკა წარსდგა, რომელიც სარჩელის ავტორია.

ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკა სიმართლეს ამახინჯებს და მის ბრალდებებს „უსაფუძვლოს” უწოდებს.

ისრაელის ინტერესების დამცველმა, საერთაშორისო სამართლის იურისტმა, ტალ ბეკერმა გუშინ სასამართლოს გაუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა „ტრაგიკულია”, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი” ცდილობდა, “მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა როგორც ებრაელები, ისე პალესტინელი მოქალაქეებისთვის, მაშინაც კი, როდესაც ისრაელი ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს იგი”.

ვინაიდან სხდომა ახლა მიმდინარეობს, ჯერჯერობით უცნობია ისრაელის წარმომადგენლების განცხადებების დეტალური შინაარსი უშუალოდ დღევანდელი სხდომიდან.

სასამართლოს შენობასთან კი დღესაც, გუშინდელის მსგავსად, შეკრებილები არიან როგორც პალესტინელი, ისე ებრაელი აქტივისტები. მათ პოლიცია ყოფს.

გუშინდელ სხდომაზე სამხრეთ აფრიკამ 5 ძირითადი რამ თქვა იმის დასადასტურებლად, რომ ისრაელი პალესტინელების გენოციდს აწყობს:

  • პალესტინელების მასობრივი მკვლელობები;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი;
  • გადაადგილების იძულება და საკვების ბლოკადა;
  • ჯანდაცვის სისტემის განადგურება;
  • პალესტინელების დაბადების პრევენცია;

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ ღაზის გენოციდის საქმის განხილვა სწორედ სამხრეთ აფრიკის სარჩელის საფუძველზე დაიწყო.

ქვეყანა ითხოვს, სასამართლომ დააწესოს დროებითი ზომა, რის შედეგადაც ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს.

კერძოდ, დაწესდეს ზომა „პალესტინელი ხალხის მიმართ შემდგომი მძიმე და გამოუსწორებელი ზიანის პრევენციის მიზნით, 1948 წლის გენოციდის კონვენციის შესაბამისად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელმა შეასრულოს თავისი ვალდებულება, არ ჩაერთოს გენოციდში”.

ICJ ვერაფერს იტყვის ომის სხვა დანაშაულებზე – საქმის განხილვა გენოციდის კონვენციის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც უერთდება როგორც ისრაელი, ისე – პალესტინა. კონვენციის წევრია სამხრეთ აფრიკაც.

მოსმენა დღეს დასრულდება, გადაწყვეტილება კი სასამართლომ უახლოეს დღეებში უნდა გამოიტანოს.

გენოციდის კონვენციის თანახმად, გენოციდი არის ერთი ან მეტი ქმედების ჩადენა ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით.

გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:

(a) ჯგუფის წევრთა მკვლელობა;

(b) ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება;

(c) ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას;

(d) ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა;

(e) ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემა.

ICJ-ის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.