სტალინის მუზეუმის დახურვის იდეის გამო, საქართველოს საგარეო ჩემთვის „ადგილის მიჩენას“ ცდილობდა - პოლონეთის ელჩი

პუბლიკა

პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკევიჩის თქმით, სტალინის მუზეუმის დახურვის სურვილის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არაოფიციალური გზით საყვედური მიიღო. გამოცემა Sova.News-თან ინტერვიუში ელჩმა განაცხადა, რომ მუზეუმთან დაკავშირებული პოზიციის გამო უწყება მისთვის „ადგილის მიჩენას ცდილობდა“.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… მე ამ თემაზე, რა ახსნაც არ უნდა იყოს, არ ვილაპარაკებ.

გესმით ხომ, კატინში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრებიც დაიხოცნენ. ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება. ეს არ არის რელიგიურ გრძნობებთან ან ემოციებთან დაკავშირებული პრობლემა, რომ თითქოს მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ხომ?! რომ ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ.

არა, ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღო. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ის უნდა მიიღო, როგორც დაავადებისას დიაგნოზი“, – განაცხადა პოლონეთის ელჩმა Sova.News-თან საუბარში.

ხოლო ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, დაიბარეს თუ არა ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ იყო არაოფიციალური შენიშვნა.

„არა, არა. სიმართლე გითხრათ… დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ იყო გარკვეული არაოფიციალური შენიშვნა. მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი… ცხადია, მე, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია, სხვანაირად რეაგირება“, – თქვა მარიუშ მაშკევიჩმა.

„პუბლიკა“ პოლონეთის ელჩის კომენტართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან საპასუხო კომენტარის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


2022 წელს პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა რონდელის ფონდის მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ესმოდა, თუ რატომ ვერ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა მოუწოდა „ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გაეკეთებინათ“ და დეახურათ სტალინის მუზეუმი გორში.